არაერთი მოქალაქისა და ორგანიზაციის კრიტიკის შემდეგ, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს მის მიერ დმანისთან დაკავშირებული განცხადების დაზუსტება მოუწია.
ჯაღმაიძე აცხადებს, რომ გუშინ "არასახარბიელო ეთნიკური ბალანსის რეგიონში" "ფაქიზი და მოსაფრთხილებელი ურთიერთობები" იგულისხმა.
მისივე თქმით, მითითების შემდეგ საკუთარი განცხადება დააზუსტა.
"როგორც კი ამის შესახებ მიმითითეს და გარკვეული ანალიზის მერე ჩავთვალე, რომ სჭირდებოდა დაზუსტება ამას, რომ ვინმესთვის გულის ტკივილი არ მიეყენებინა, რა თქმა უნდა, დავაზუსტე სწორედ იმიტომ, რომ პატივისცემა გამაჩნია ამ ადამიანებისადმი და არ მინდა არავის გული დავწყვიტო. დავაზუსტე და ვთქვი, რომ ეს გულისხმობს მხოლოდ იმას, რომ ფაქიზია იქ ეს ურთიერთობები და მოსაფრთხილებელია განსაკუთრებით, რომ ვინმემ არ ისარგებლოს და იოლად არ შეიტანონ უსიამოვნება", - განაცხადა ჯაღმაიძემ.
18 მაისს, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დმანისში მიმდინარე პროცესებს facebook-ზე გამოეხმაურა.
ჯაღმაიძე წერს, რომ მომხდარი იყო ყოფითი ინციდენტი, რომლის "ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაყვანის მცდელობა არასახარბიელო ეთნიკური ბალანსის მქონე რეგიონში ეთნიკურად ქართული მოსახლეობის დაკნინებას ემსახურებოდა".
"იქ მცხოვრები ქართველების "ეკოემიგრანტებად მოხსენიება" არის მიზანმიმართული შეურაცხყოფა ამ ადამიანებისა, უფრო მეტიც, ეს სახელმწიფოებრივი დანაშაულია, რომელიც ემსახურება ყოფითი ინციდენტის მაშტაბის გაზრდას, მის ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაყვანის მცდელობას და ისედაც არასახარბიელო ეთნიკური ბალანსის მქონე რეგიონში ეთნიკურად ქართული მოსახლეობის დაკნინებას, სწორედ ეს უსამართლობა იყო მოსახლეობის მხრიდან ჟურნალისტებისადმი გამოვლენილი აგრესიის საფუძველიც", - წერს ჯაღმაიძე.
დეკანოზის განცხადებას გამოეხმაურა ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი და შეშფოთება გამოხატა.
TDI-ის მიაჩნია, რომ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების “არასახარბიელო” ეთნიკური კუთვნილების მქონე ჯგუფად მოხსენიება შეურაცხმყოფელია, აძლიერებს ეთნიკურ და რელიგიურ შეუწყნარებლობას, ხელს უწყობს შუღლის გაღვივებას და კიდევ უფრო მეტად ახალისებს ძალადობას.
დმანისში ადგილობრივებს შორის დაპირისპირება 16 მაისს დაიწყო, 17 მაისს კი უფრო ფართო მასშტაბი მიიღო. ერთ-ერთ ქუჩაზე შეკრებილი მოსახლეობის ნაწილი თოხებით და ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებული, ერთმანეთს დაუშინეს ქვებიც.
ადგილზე ვითარება მთელი დღის განმავლობაში პერიოდულად იძაბებოდა, იყო ფიზიკურ დაპირისპირებაც.
17 მაისის საღამოს, დმანისში, საკრებულოს შენობაში დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენლების შეხვედრა შედგა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მხარეებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და განაცხადეს, რომ შერიგდნენ.
ინციდენტი სურსათის ერთ-ერთ მაღაზიაში მომხდარის შემდეგ დაიწყო. გამყიდველი და მეპატრონე ყვებიან, რომ ინციდენტი პროდუქტის ვალად გატანის მოთხოვნას მოჰყვა. საიდა ისმაილოვას თქმით, მან რამდენიმე მოქალაქეს ლუდის ნისიად მიცემაზე უარი უთხრა, რადგან მათ წარსულში აღებული ვალიც არ ჰქონდათ დაბრუნებული. ნისიაზე უარის თქმის მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ.
შეურაცხყოფისა და მუქარის გამო მაღაზიის მეპატრონის ოჯახის წევრი და ეს მოქალაქეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რასაც პოლიციის გამოძახება და ადგილზე ვითარების განმუხტვა მოჰყვა. მოგვიანებით კი მაღაზიასთან ინციდენტში მონაწილე პირები ადგილზე დიდ ჯგუფთან ერთად დაბრუნდნენ, რის შემდეგაც მათსა და მაღაზიასათან შეკრებილებს შორის ხელჩართული ჩხუბი დაიწყო.